მთავარი
პროექტებიარქივიქალქათგეგმარება და ურბანული განვითარება
ქალქათგეგმარება და ურბანული განვითარება

ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა

წელი: 2006-2007
დამკვეთი: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო


ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა წარმოადგენს სივრცითი მოწყობის დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული და ურბანული მემკვიდრეობის დაცვასა და რეაბილიტაციას, განაშენიანების რეგულირების გეგმების შედგენას და პერსპექტიული განვითარების ხედვის ჩამოყალიბებას. ამ მიზნით ისტორიულ ნაწილში შეფასდა და გაანალიზდა ისტორიულად ჩამოყალიბებული არქიტექტურული და ბუნებრივი სივრცითი დომინანტები, დაზუსტდა ძეგლების და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების სია, ძეგლების ქალაქგეგმარებითი მნიშვნელობა და მათი როლი განაშენიანების სივრცით წყობაში. ექსპერტების მიერ შენობა-ნაგებობებზე სააღრიცხვო ბარათების შევსების შედეგად დადგინდა მათი ისტორიულად ჩამოყალიბებული ფუნქციები, შენობა-ნაგებობათა ისტორიულ-კულტურული და არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება, დადგინდა საკუთრების ფორმა, სართულიანობა, სამშენებლო მასალა, ასაკი.

--------------------------------------------------------  

ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა

წელი: 2006-2007
დამკვეთი: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო


ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ფარგლებში მოხდა დაცვითი ზონების საზღვრების იდენტიფიკაცია, განვითარების კონცეპტუალური მიდგომების განსაზღვრა, დადგინდა სხვადასხვა მარეგლამენტირებელი მახასიათებლები, შეიქმნა ერთიანი ელექტრონული ატრიბუტული გეომონაცემთა ბაზა, განახლდა და მომზადდა ერთიანი ელექტრონული მსხვილმასშტაბიანი ტოპო-გეოდეზიური საფუძველი.
სამუშაოების მსვლელობისას შეიქმნა ქ. ბათუმის დამცავი ზონების ისტორიულ-კულტურული რესურსების მართვის საფუძვლები, შემუშავდა რეკომენდაციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ, თითოეული უბნის ისტორიულ-კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები ისტორიული განაშენიანების განვითარებისა და ინტერვენციების შესახებ.

--------------------------------------------------------

ქალაქმშენებლობითი კადასტრის პროგრამული უზრუნველყოფა

წელი: 2002
დამკვეთი: GTZ

ურბანულ ტერიტორიებზე მრავალმიზნობრივი ავტომატიზირებული სისტემის შექმნა 1996 წელს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით დაიწყო. პროექტის მიზანია იყო დიდი ქალაქებისათვის (თბილისი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი) და მსხვილი რაიონული ცენტრებისათვის თანამედროვე კომპლექსური ქალაქმშენებლობითი კადასტრის შექმნა.
 
ამ მიზნების განსახორციელებლად 2002 წელს "გეოგრაფიკის" მიერ შემუშავდა პროგრამული უზრუნველყოფა City Analyst-ი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების მართვის გაუმჯობესება.

City Analyst-ი გამოიყენება:
• ქალაქმშენებლობითი საპროექტო დოკუმენტაციის შენახვასა და სისტემატიზაციაში;
• შენობა-ნაგებობების მდგომარეობების შეფასებაში;
• სამშენებლო და სარეკონსტრუქციო ღონისძიებების გეგმარებაში;
• უფლებრივი ზონირების პრინციპების შემუშავებასა და დაცვაში;
• ქალაქმშენებლობით კონტროლსა და მონიტორინგში;
• შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ოპტიმიზაციაში.

პროგრამული პროდუქტი City Analyst-ი დამუშავებულია Delphi 6-ის გარემოში  და ემყარება ArcGIS-ის ტექნოლოგიას, რომელიც ტოპოლოგიურად კორექტული სივრცითი ინფორმაციის შექმნის, რედაქტირებისა და გეომონაცემთა ბაზის სახით შენახვის საშუალებას იძლევა.

სატესტო ეტაპზე პროგრამული პროდუქტი არსებულ საკადასტრო მონაცემთა ბაზების გამოყენებით დაინერგა ქალაქების -თბილისის, ქუთაისის, გორისა და ფოთის არქიტექტურისა და მშენებლობის საქალაქო სამსახურებში.

--------------------------------------------------------

ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის გეოსაინფორმაციო სისტემა


წელი: 2002
დამკვეთი:
საქართველოს მთავრობა, მსოფლიო ბანკი და ევროსაბჭო

1998 წლიდან საქართველოში ხორციელდება საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამა _ ,,კულტურული მემკვიდრეობის ინიციატივა“, რომლის ერთ-ერთ ამოცანას ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის ინვენტარიზაცია, კვლევა და გეომოდელირება წარმოადგენდა. საწყის ეტაპზე პროექტში ჩართული იყვნენ ,,გეოგრაფიკის“ სპეციალისტები, ხოლო შემდგომში _ თავად კომპანია, როგორც კონსულტანტი გის-ის ტექნოლოგიებში.

პროექტის ფარგლებში, 1:500--იანი მასშტაბის საყრდენი დიგიტალური რუკების საფუძველზე, ჩატარდა შენობა-ნაგებობების ინვენტარიზაცია და გრაფიკული ბაზის განახლების სამუშაოები.

ESRI-ის პროგრამული პროდუქტების მეშვეობით განხორციელდა გრაფიკული ბაზის ინტეგრირება საინვენტარიზაციო მასალების ბაზასთან და შეიქმნა საძიებო-სამომსახურებო სისტემა, რომელიც გამოყენებულ იქნა არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების, ინჟინრების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურების სპეციალისტების მიერ. სისტემა მუდმივგანახლებადია და თავსებადია მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურების საინფორმაციო სისტემებთან.

პროექტის ფარგლებში დამზადდა 100-მდე ანალიტიკური და სინთეზური რუკა.

--------------------------------------------------------

ქ. თბილისის დაცვითი ზონების დაფარვითი ინვენტარიზაცია

წელი: 2005
დამკვეთი:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო


საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს თაოსნობით 2005 წელს დაიწყო პროექტი "ქ. თბილისის დაცვითი ზონების დაფარვითი ინვენტარიზაცია", რომლის მიზანს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა წარმოადგენს. პროექტის განხორციელებაში ჩართულნი არიან არქიტექტორები, ურბანული განვითარების სპეციალისტები, ხელოვნებათმცოდნეები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტები და "გეოგრაფიკის" წარმომადგენლები.

საწყის ეტაპზე განხორციელდა ქ. თბილისში არსებული დაცვითი ზონების შესახებ ინფორმაციის შეგროვება საველე ბარათების შევსების გზით, რედაქტირება და დამუშავება გის ტექნოლოგიების გამოყენებით. შეიქმნა გეომონაცემთა ბაზა 1:500-იან მასშტაბში. საველე ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაცია ინტეგრირებულ იქნა გრაფიკულ მონაცემებთან დაცვითი ზონების ტერიტორიაზე არსებული შენობა/ნაგებობების კოდირების გზით. მონაცემთა შეყვანისათვის შეიქმნა სპეციალური პროგრამული უზრუნვეყოფა, რომელიც რომელიც ორიენტირებულია მონაცემების უშეცდომოდ კომპიუტერიზაციაზე. საველე სამუშაოებისათვის გამოიყენება 1:10 000-, 1:5000-, 1:2000-, 1:500-ანი მასშტაბის რუკები, რომლებზეც გამოსახულია არსებული კულტურული ძეგლები. საველე სამუშაოების მსვლელობისას ხდება შენობა/ნაგებობების აგეგმვა. დაცვით ზონებში მიმდინარე აგეგმვა ასევე ითვალისწინებს შენობების სიმაღლეების განსაზღვრას, ფოტოფიქსაციას, ქუჩათა დახრილობის დადგენას.